მთავარი » 2017 » სექტემბერი » 27 » 7 განსხვავება რელიგიურობასა და სულიერ ცხოვრებას შორის
რეკლამა
8:54 PM
7 განსხვავება რელიგიურობასა და სულიერ ცხოვრებას შორის

ჩვენ ისეთ გულწრფელ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ვიღაცას შეუძლია მოვიდეს და პირდაპირ გკითხოს, ღმერთი თუ გწამსო, მერე კი შენს პასუხზე – ღმერთში რას გულისხმობო, შოკში ჩავარდნილმა კონტრ-შეკითხვა დასვას – ეკლესიაში დადიხარ?

ადამიანები ხშირად აიგივებენ ერთმანეთთან რელიგიურობასა და სულიერ ცხოვრებას, ბევრი უფრო შორს მიდის და მხოლოდ საკუთარი რელიგია ჰგონია ერთადერთი გზა ღმერთამდე, მერე კი ღმერთის სახელით ათასი უღმერთობა ხდება, სულის გადასარჩენად უამრავი სული იღუპება და ასე ვაცვამთ ყოველდღე ღმერთს ჯვარზე, ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად.

რა სახელიც არ უნდა დავარქვათ ღმერთს, თუკი მისი სახელის მიღმა სიკეთე, სიყვარული, სათნოება და მიტევება იგულისხმება, როგორ შეიძლება სურდეს მას, რომ მის გამო ხოცონ მისმა საყვარელმა შვილებმა ერთმანეთი?  ხანდახან მგონია ის ძალა, რომელმაც ბაბილონის გოდოლი მოსპო და ადამიანებს საერთო ენა მოუშალა ადამიანების ღმერთამდე მიღწევის მცდელობის ასალაგმავად, ღმერთი კი არა ეშმაკი იყო, ხოდა მას მერე ღმერთი და ეშმაკი არეული გვაქვს. ღმერთამდე მისვლის მცდელობა და ერთმანეთის გაგება ღმერთის წინააღმდეგ წასვლა გვგონია.

აქ თუ ღმერთი ახსენე, ბიბლია ხელში უნდა დაიჭირო, თუ შეკითხვები გაქვს მოძღვრის აყვანას გირჩევენ, სულიერი ცხოვრების დაწყება თუ გინდა, ეკლესიაში უნდა წახვიდე. მოკლედ, რიტუალური ღვთისმსახურება, რომელიც უბრალოდ სულიერი ცხოვრების ფიზიკური, სიმბოლური გამოხატულება უნდა იყოს მხოლოდ, სულიერ ცხოვრებად მიიჩნევა დღეს.

რელიგია წესით უნდა იყოს გზა სულიერი განვითარებისა, მაგრამ სამწუხაროდ, იგი მექანიკურად იქცა.  ქრისტეს თუ სიდჰარტას დანაბარები, რომ ღმერთი ყველამ საკუთარ სულში უნდა ვიპოვოთ და რომ ყველა ჩვენგანში დევს პასუხები ყველა კითხვაზე დღეს უკვე აღარ ახსოვს. დღეს შეკითხვების დასმაც მკრეხელობად ითვლება, დღეს საკუთარი თავის შემეცნების მცდელობა აკრძალული გაქვს, დღეს რელიგიურობა რიტუალური კერპთაყვანისმცემლობა უფროა, ვიდრე სულიერი ცხოვრება.

აქედან გამომდინარე, რელიგიურობა სულაც აღარ გულისხმობს მაინცდამაინც სულიერ ცხოვრებას და სულიერი ცხოვრებაც შესაძლებელია ყოველგვარი რელიგიის გარეშე. ყველაზე სავალალო კი ის არის, არათუ დამოუკიდებლად არსებობას ახერხებენ, ხანდახან წინააღმდეგობაშიც კი მოდიან ერთმანეთთან.

მაშ ასე, 7 განსხვავება რელიგიურ ცხოვრებასა და სულიერ ცხოვრებას შორის:

  1. რელიგია ყოფს, სულიერება აერთიანებს

რელიგია ყოფს ადამიანებს, რელიგია ყოფს ღმერთსაც. ყველა რელიგია ირწმუნება, რომ ის ფლობს მონოპოლიას ჭეშმარიტებაზე და სხვები ცდებიან.  რელიგია ყოფს ადამიანს და ღმერთსაც, მას ადამიანისგან განყენებულ არსებად წარმოიდგენს. სულიერი ადამიანი თავის ნაწილად მიიჩნევს ყველას, ყოველ მათგანში ღვთაებრივ მესიჯებს ეძებს, იმ მესიჯებს, რომელიც ყველასთვის საერთოა და არა განსხვავებებს.  სულიერი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი ერთ მთლიანობად მიიჩნევს ყველას და ყველაფერს და  ამ მთლიანობას მოიაზრებს ღმერთში.

 

  1. რელიგია მოითხოვს მორჩილებას, სულიერება თავისუფლებას გთხოვს

რელიგია გთავაზობს იდეოლოგიას,  წესებს და მოითხოვს დაემორჩილო ამ წესებს, თუ არადა დაისჯები. სულიერი ცხოვრებით ცხოვრება ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, იყო თავის უფალი. რელიგია ცდილობს გმართოს (გწყემსოს), სულიერება მოითხოვს თავად მართო საკუთარი თავი. რელიგია გკარნახობს როგორ მოიქცე, სულიერებით ცხოვრება ნიშნავს უსმენდე გულის კარნახს, შინაგან ხმას, რადგან ღმერთის ნაწილი ხარ თავად.

 

  1. რელიგია გაშინებს, სულიერი ცხოვრებით ცხოვრება სიმამაცეს გასწავლის

რელიგია გინერგავს შიშს,  სულიერი ცხოვრებით ცხოვრება კი ნიშნავს დადგე ყოველგვარ შიშზე მაღლა, გააკეთო ის, რაც სწორად გეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ გეშინია. რელიგია გაშინებს სასჯელით, სულიერი ცხოვრება საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას გაკისრებს. რელიგია გიკრძალავს, სულიერება კი გასწავლის როგორ არის სამყარო მოწყობილი და რა ქმედებას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. რელიგია გასწავლის, რომ უნდა გეშინოდეს შემოქმედის, სულიერი ცხოვრებით ცხოვრება გასწავლის გიყვარდეს შემოქმედი.

 

  1. რელიგია შენს ცხონებას მასზე დამოკიდებულს ხდის, სულიერი ცხოვრებით ცხოვრება ნიშნავს რომ ყველაფერი შენს ხელშია

რელიგია გეუბნება რომ მხოლოდ რელიგიური ცხოვრებით არის შესაძლებელი მოიპოვო სულიერი სიმშვიდე და სასუფეველი. რელიგიური ადამიანები მიიჩნევენ, რომ შენ მხოლოდ მაშინ ხარ მორწმუნე, თუ რელიგიურ რიტუალებში იღებ მონაწილეობას, ცხოვრობ ეკლესიურად და თუ ასე არ იქცევი, ესე იგი გზას ხარ აცდენილი. რელიგია მასზე დამოკიდებულს ხდის თქვენს რწმენას ღვთისადმი, იგი თქვენსა და ღმერთს შორის დგება, მაშინ როცა თავადვე გვიქადაგებს ღმერთი თქვენს გულებშიაო.

 

  1. რელიგია გეუბნება რომ არარაობა ხარ, სულიერება კი მოითხოვს საკუთარი ადამიანობის მნიშვნელობის გააზრებას

რელიგია გეუბნება რომ შენ არარა ხარ, ცოდვილი არსება განწირული უბადრუკი ადამიანობისთვის, რომ იყო ადამიანი ეს აუცილებლად ნიშნავს იყო ცოდვილი. სულიერი ცხოვრებით ცხოვრება ნიშნავს აღიარო საკუთარი თავი ღვთის ხატად, მის ნაწილად და მის გამეორებად. უნდა შეიყვარო საკუთარი თავი, როგორც ღმერთის იდეა და ამ იდეის განხორციელება. რელიგიურობა იქცა საკუთარ ცოდვილ ბუნებასთან შეგუებად, მაშინ როცა სულიერება მოითხოვს მუდმივ მცდელობას მიაღწიო სრულქმნილებას!

 

  1. რელიგია გიკრძალავს ძიებას, სულიერი ცხოვრება ნიშნავს ძიებას

რელიგია საკუთარ თავზე იღებს შენი ხსნის პასუხისმგებლობას, შენ გართმევს ღვთისგან ბოძებულ არჩევანის თავისუფლებას, გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებას, ძიების თავისუფლებას, რადგან მას ყველა კითხვაზე უკვე აქვს პასუხი.  მას აქვს ფორმულის ამოხსნის უძველესი მეთოდი და ღიზიანდება თუ შენ ამ ფორმულის ახლებურად ამოხსნას შეეცდები.   იგი ამპარტავნებაში გითვლის მის მიერ საუკუნეების განმავლობაში ნაგროვები ცოდნის კითხვის ქვეშ დაყენებას, მაშინ როცა სულიერი ცხოვრება მუდმივ ევოლუციას მოითხოვს, მუდმივ ძიებას და ამ ძიების პროცესში საკუთარი თავის შემეცნებას.

  1. რელიგია ქადაგებს ჭეშმარიტებას, სულიერი ცხოვრება ითხოვს თავად იპოვო ჭეშმარიტება

რელიგია გეუბნება, რისი უნდა გჯეროდეს, რისი უნდა გწამდეს, რა არის სწორი, რა არასწორი. სულიერი ცხოვრება კი ძიებისკენ მოგიწოდებს, შენს უმაღლეს მესთან გაკავშირებს, რადგან ჭეშმარიტება ერთიანია და შენშია, რადგან შენც ამ ერთიანობის ნაწილი ხარ. სულიერი ცხოვრებით ცხოვრება ნიშნავს გაიაზრო, რომ შენშია ყველა კითხვაზე პასუხი, რომ ღმერთი შენშია, რომ შენ თავად უნდა იპოვო ღმერთამდე მისასვლელი გზა და ამ გზაზე გაძლიერდე და გაიზარდო. ფარაში ვერაფერს სწავლობ, ფარას უბრალოდ მიჰყვები.  რელიგია გთავაზობს გზას, სულიერი ცხოვრება კი მოითხოვს თავად იპოვო შენი გზა.

p.s.  ვისაც ჩემი ნააზრევი არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ გზა აბნეულად ჩამთვალოთ… თუმცა ფარაში ყოფნას გზააბნეულობა მიჯობს… მწყემსი ხომ მთელ ფარას ერთი გზააბნეული ცხვრის მოსაძებნად ტოვებს…

ნანახია: 351 | დაამატა: Admin | ტეგები: 7 განსხვავება რელიგიურობასა და სული | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close