მთავარი » 2017 » სექტემბერი » 18 » რა გავლენას ახდენს სიყვარული ბავშვის ტვინზე, კვლევის საოცარი შედეგები
რეკლამა
10:39 PM
რა გავლენას ახდენს სიყვარული ბავშვის ტვინზე, კვლევის საოცარი შედეგები

თქვენ მას გულში იკრავთ, როცა ველოსიპედიდან გადმოვარდნილი მწარედ დასტირის გადაყვლეფილ მუხლებს, თქვენ მას ძილის წინ ანანავებთ, უმღერით, ეფერებით, რომ დაამშვიდოთ, რომ თავი უკეთესად აგრძნობინოთ, თუმცა როგორც უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენეს, მშობლიური მზურნველობა მხოლოდ ემოციური საკვები არ ყოფილა, იგი ინტელექტზეც სერიოზულ გავლენას ახდენს.

ნევროლოგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, გადაიღეს ორი თანატოლი ბავშვის ტვინი, რომელთაც დედები სხვადასხვანაირად ექცეოდნენ. შედეგი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ქვემოთ, ფოტოზე სამი წლის ბავშვების ტვინებია გაშუქებული.  ერთი ნორმალური მზრუნველობის პირობებში, მეორე ექსტრემალური უარყოფისას.

პპ
ზომაში განსხვავების გარდა, შეამჩნევდით, რომ მარცხენა ფოტოზე ნაკლები ლაქები და ბნელი ადგილებია. მარჯვნივ გამოსახულ ფოტოზე იმ ბავშვის ტვინია, რომელსაც დედა საკმარის ყურადღებას არ აქცევდა, შეურაცხყოფდა და ამცირებდა.

 

მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ ბავშვის ტვინი გარემოს შესაბამისად იზრდება და ფუნქციონირებს. როცა იგი ტირის და მისი მოთხოვნილებები კმაყოფილდება – ანუ ამშვიდებენ, ეფერებიან და აჭმევენ, ქმედებები შედეგებთან სრულ ჰარმონიაში მოდის, იგი სწავლობს როგორ მიიღოს ის, რაც სურს და შესაბამისად გამომუშავდება ახალი, სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარი, იბრძოლოს იმისთვის, რაც სურს ფიზიკურ თუ ემოციურ დონეზე.

 

განსხვავებული სცენარის პირობებში,  ანუ როცა ჩასველებული, მშიერი, უმწეო და გულდათუთქული პატარა ცრემლებით ვერაფერს აღწევს, მისი ტვინიც სხვა გაკვეთილს ითვისებს. იგი უარყოფით გარემოსთან გამკლავებას ადაპტირებით ცდილობს.   მთელი ის რესურსი, რომელიც სიყვარულის მოპოვებაზე უნდა დაიხარჯოს, უსიყვარულობასთან შეგუებაზე იხარჯება. იგი ბრძოლას წყვეტს. ეს უნარი ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზევე კვდება. მეტიც სამომავლოდ მათ არ ეცოდინებათ, როგორ უპასუხონ მათ მიმართ გამოვლენილ სიყვარულსა და მზრუნველობას.

 

ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ბავშვებს, რომლებიც საკმარის სითბოს და სიყვარულს იღებენ ადრეულ ასაკში, ემოციური ინტელექტი გაცილებით უფრო მაღალი აქვთ, არ უჭირთ სოციალიზაცია, უკეთესად ართმევენ თავს ურთიერთობებს და თანაგრძნობის უნარიც უფრო მეტად უვითარდებათ. მეტიც, ეს ყველაფერი სწავლის პროცესზეც აისახება. ისინი უფრო ადვილად სწავლობენ, უფრო ყოჩაღები და ჭკვიანები არიან.

 

რაც შეეხება ბავშვებს, რომელთაც ექსტრემალური უარყოფის პირობებში უწევთ არსებობა და მშობლიურ მზრუნველობის ნაცვლად სიცივე და უყურადღებობა ხვდებათ, უამრავი მენტალური პრობლემა შეიძლება აღმოაჩნდეთ ზრდასრულ ასაკში. არსებობს  დანაშაულისკენ, ალკოჰოლიზმისკენ, ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გაჩენის საფრთხეც, თუმცა მთლად ასე ექსტრემალური გამოვლინებაც რომ არ იყოს,  ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების პრობლემა ნამდვილად ექნებათ. უსიყვარულობა მათ ცხოვრებას დამღას ასვამს. მათ არ იციან როგორ უყვარდეთ, როგორ გამოხატონ  და  მიიღონ ადეკვატურად საკუთარი თუ სხვების გრძნობები და ემოციები. არსებობს შანსი, რომ თავადაც უყურადღებო და ცივ მშობლად ჩამოყალიბდნენ.

 

მნიშვნელოვანია ასაკიც. კვლევების მიხედვით ჩვილობის ასაკში ნაშვილები ბავშვის ტვინს ნორმალური ფუნქციონირებისთვის დაბრუნების მეტი შანსები აქვს, ვიდრე მოზარდობისას ნაშვილებს, რადგან ემოციური ინტელექტი ძალიან ადრეულ ფაზაში ყალიბდება.

 

ჩვილობის ასაკში სიყვარულის და მზრუნველობის ნაკლებობა იწვევს:

ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს ზრდის დაბრკოლებას, რაც დეპრესიისკენ მიდრეკილებას აჩენს

ლიმბური სისტემის სტრუქტურის დაზიანებას, რომელიც პასუხს აგებს ფსიქიკურ რეგულაციებზე, ემოციურ, მგრძნობელობით რეგულაციებზე, სტრესთან, ტრავმებთან გამკლავების უნარებზე.

ჰიპოკამპის ზრდის შენელებას,  რომელიც ასევე ლიმბური სისტემის ნაწილია და პასუხს აგებს მეხსიერებაზე

აზიანებს ორ ნახევარსფეროს შორის კავშირს, რაც ზრდის ყურადღების დეფიციტის სინდრომის/ ჰიპერაქტიურობის განვითარების შანსებს

 

პროფესორი ალან შორი მიიჩნევს, რომ გარემო პირობები, რომელშიც 2 წლამდე ასაკის ბავშვი იზრდება, აბსოლუტურად განსაზღვრავს მის შემდგომ განვითარებას.   მან აღმოაჩნა, რომ ტვინის გარკვეული ასპექტები მზრუნველობის ნაკლებობის პირობებში ფუნქციონირებას წყვეტს და სამწუხაროდ, შეიძლება აღარც აღდგეს. რაც უფრო ცივი და უყურადღებოა მშობელი, მით უფრო სერიოზულია ზიანი, თუმცა რაც არ უნდა იყოს, სერიოზული ფსიქოლოგიური სამუშაოების ჩატარების შედეგად, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

 

Mental.Ge

ნანახია: 285 | დაამატა: Admin | ტეგები: რა გავლენას ახდენს სიყვარული ბავშვი, კვლევის საოცარი შედეგები | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close