მთავარი » 2018 » ივნისი » 20 » რატომ მიიჩნევდნენ ევროპაში ზოლიან სამოსს სატანის ნიშნად?
რეკლამა
11:16 AM
რატომ მიიჩნევდნენ ევროპაში ზოლიან სამოსს სატანის ნიშნად?

გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ 1310 წელს ფრანგი მეწაღე მხოლოდ იმიტომ ჩამოახრჩვეს, რომ ზოლიანი სამოსი ეცვა. შუა საუკუნეებში ზოლიანი ტანსაცმლის მიმართ დამოკიდებულებას წიგნიც მიეძღვნა: „ეშმაკეული სამოსი - ზოლებისა და ზოლიანი სამოსის ისტორია“. როგორც წიგნის ავტორი წერს, ადრე ზოლიან სამოსს მხოლოდ ჯალათები, მეძავები, ცირკის ჯამბაზები, ხეიბრები, კეთროვნები, ერეტიკოსები და უკანონოდ შობილები ატარებდნენ.

 

თავის დროზე, ევროპული ცრურწმენების გამო ძალიან დაზარალდა კარმელიტების ორდენი. 
ორდენის მეთაურთა განკარგულებით, ბერები თეთრ-ყავისფერი ზოლებით დამშვენებულ სამოსში გამოეწყვნენ, რაც წინასწარმეტყველი ელიას ცეცხლოვანი ეტლის კვალს განასახიერებდა. 


ასე გამოწყობილი ბერების ხილვამ ევროპელები უკიდურესად აღაშფოთა. საბრალო ბერებს ქუჩაში ქვებს უშენდნენ და სტვენით აცილებდნენ. 

ზუსტად არავინ იცის, საიდან გაჩნდა ზოლიანი სამოსის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი ბიბლიის არასწორი ციტირებაა, სადაც წერია: „ნუ ჩაიცვამ ორმაგ სამოსს“. 

ნაწილის აზრით, ზოლიანი სამოსი იმიტომ შეიძულეს, რომ დეფექტების კარგად დაფარვა შეუძლია, შესაბამისად, ტანის დამალვისა და შენიღბვის მცდელობად აღიქმება. 

აღსანიშნავია, რომ კათოლიკეებს ცხოველის ბეწვზე არსებული ზოლები და შესაბამისად, ზოლიანი ცხოველები ეშმაკეულად მიაჩნდათ. ზოლიანი კატა, ზებრა, ვეფხვი, გველი და ა.შ. ყოველთვის ეშმაკეულ არსებებად მიიჩნეოდნენ.

ევროპაში ზოლიანი სამოსის მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოს, რევოლუციურ ტალღაზე შეიცვალა. მისი ტარება არათუ მისაღები, მოდურიც კი გახდა და ზოლიანი ქსოვილის გამოყენება ავეჯისა და კედლების დეკორაციებშიც დაიწყეს.

 

წყარო

ნანახია: 189 | დაამატა: Admin | ტეგები: რატომ მიიჩნევდნენ ევროპაში ზოლიან ს | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close