მთავარი » 2017 » სექტემბერი » 24 » რატომ ვერ ვამყარებთ კონტაქტს უცხოპლანეტელებთან?
რეკლამა
7:53 PM
რატომ ვერ ვამყარებთ კონტაქტს უცხოპლანეტელებთან?

მეცნიერთა გამოთვლებით, 100 მილიარდი პლანეტაა „ირმის ნახტომში”, რომელიც თავად ასობით მილიარდი გალაქტიკიდან ერთ-ერთია. ვიცით, რომ ერთ-ერთ პლანეტაზე, დედამიწაზე, სიცოცხლე აღმოცენდა, მაგრამ მისი მსგავსი დასახლებადი პლანეტები, რომლებიც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევიან, მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში მილიონობით უნდა იყოს. ეს კი დიდ კითხვას აჩენს: სად არიან უცხოპლანეტელები?

 

ეს ის პრობლემაა, რომელიც დიდი ხანია, ასტროფიზიკოსებს აწუხებს და ზუსტი პასუხი ჯერაც ვერ უპოვიათ. საკითხი ცნობილია, როგორც ფერმის პარადოქსი, რადგან პირველად იტალიელმა ასტრონომმა ენრიკო ფერმიმ ჩამოაყალიბა 1950 წელს. თუკი სიცოცხლე ასეთი გავრცელებულია, ამბობდა ის, რატომ არაფერი გვსმენია მათგან?

არსებობს პრობლემის რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტა, რომელთაგან ზოგი არც ისე სასიამოვნოა. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

კოსმოსი უბრალოდ ძალიან დიდია

პირველი და სავარაუდოდ ყველაზე პოპულარული პასუხი ეხება კოსმოსის უზარმაზარ მასშტაბებს. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს გალაქტიკაში არსებული დასახლებადი პლანეტები შეიძლება ათასობით სინათლის წლის მოშორებით მდებარეობდეს, რაც ელექტრომაგნიტური რადიაციით – კომუნიკაციის ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი გზით – ორმხრივ კომუნიკაციას თითქმის შეუძლებელს ხდის. ირმის ნახტომის მიღმა, მილიონობით სინათლის წლის მოშორებით მდებარე გალაქტიკების შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო რთულდება. შესაძლოა, დისტანციები ზედმეტად დიდია საიმისოდ, რომ დიალოგი განხორციელდეს.

საკმარისად არ გვიძებნია

შესაძლოა, ჯერ ხელის ჩაქნევა ადრეა. დღემდე გონიერი უცხოპლანეტელების ძიება მხოლოდ შეზღუდულ კვლევებს მოიცავს, რომლებშიც რამდენიმე ტელესკოპი იყო ჩართული. მათი უმეტესობა SETI-ს ინსტიტუტმა განახორციელა, მაგრამ მნიშვნელოვანი ვერაფერი აღმოაჩინა.

ივლისში დაანონსდა $100 მილიონიანი პროექტი სახელად „Breakthrough Listen”, რომელსაც აფინანსებს რუსი მილიარდერი იური მილნერი. ეს იქნება სიგნალების საძიებო უმსხვილესი კვლევა. მასში ჩართული იქნება მსოფლიოს ორი უძლიერესი რადიოტელესკოპი – დასავლეთ ვირჯინიაში მდებარე გრინ-ბენკი და ავსტრალიური პარკსის ობსერვატორია, რათა გულდასმით გამოიკვლიონ დედამიწის უახლოესი მილიონი ვარსკვლავი და 100 გალაქტიკა მათგან გამიზნულად ან შემთხვევით წამოსული სიგნალების აღმოსაჩენად. ჯერჯერობით ეს რაიმეს აღმოჩენის საუკეთესო შანსია, რაც ხელთ გვაქვს.

დიდი ფილტრი

„Breakthrough Listen” 10 წლიანი პროექტია, თუკი ამ პერიოდშიც ვერაფერს იპოვიან, სიტუაცია ცოტა არ იყოს, რთულდება. ფერმის პარადოქსის კიდევ ერთი ამონახსნის მიხედვით, სამყაროში არსებობს ე.წ. „დიდი ფილტრი”, რაც ხელს უშლის სიცოცხლის წარმოშობას ან გონიერი სიცოცხლის რაღაც დონემდე განვითარებას. შესაძლოა, მათ თვითგანადგურებით ან სხვა გზით მოისწრაფონ სიცოცხლე. გამორიცხული არაა, ჩვენ ვიყოთ პირველი სახეობა, რომელმაც ეს ფილტრი გადალახა ან მომავალში უნდა მივაღწიოთ მას – ხოლო ჩვენამდე არსებული ყველა განვითარებული ცივილიზაცია განადგურდა. რას ვიზამთ.

ჩვენ ძალიან პრიმიტიულები ვართ

ზოგიერთის მოსაზრებით, არსებობს კომუნიკაციის სხვა საშუალებები, რომლებზეც ჯერ არაფერი ვიცით. შეიძლება მოშორებით მყოფი უცხოპლანეტური ცივილიზაციები ელიან, როდის მივაღწევთ ტექნოლოგიური მომწიფების გარკვეულ დონეს, რათა ჩვენთან დაკავშირება შეძლონ. შესაძლოა ასეცაა, მაგრამ სანამ არ დავადგენთ, კომუნიკაციის რა ფორმებზეა საუბარი, ვერაფერის გაკეთებას ვერ შევძლებთ.

მარტონი ვართ?

ფერმის პარადოქსის ბოლო ამოხსნა განიხილავს ერთ-ერთ ასევე უსიამოვნო თემას: შესაძლოა სამყაროში მარტონი ვართ.

გაითვალისწინეთ, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ წარმოიშვა მრავალუჯრედიანი სიცოცხლე პლანეტაზე, როგორ შეძლო სიცოცხლემ ერთი უჯრედიდან კომპლექსურ ორგანიზმად გარდაქმნა. ისიც ბურუსითაა მოცული, საერთოდ როგორ გაჩნდა სიცოცხლე, საიდან მოვიდა ამდენი წყალი და ა.შ.

რას ვიტყვით იმ პირობებზე, რომლებმაც ადამიანის ევოლუციას შეუწყო ხელი? ჩვენი პლანეტა ხელსაყრელ მანძილზე უვლის გარშემო მზეს და დასახლებად ზონაში მდებარეობს, ტემპერატურა კი ზომიერია და სიცოცხლისთვის ხელსაყრელი. ასევე უნდა გვეცადა, სანამ დინოზავრებს მასიური ასტეროიდი ამოწყვეტდა და პლანეტაზე ძუძუმწოვრები მოიკიდებდნენ ფეხს. ამ ყველაფრის შემდეგაც კი ადამიანური ცივილიზაცია მხოლოდ რამდენიმე ათასი წლისაა, რაც საოცრად მცირე მონაკვეთია 13.8 მილიარდი წლის სამყაროსთვის. შესაძლოა, დედამიწა ერთადერთი იღბლიანი წერტილია კოსმოსში, სადაც გონიერი სიცოცხლის განვითარება გახდა შესაძლებელი.

planets

მრავალი ექსპერტი ამჯობინებს, ბოლო მოსაზრება უარყოს. სანაცვლოდ ისინი ფიქრობენ, რომ მომდევნო რამდენიმე ათწლეულში მზის სისტემის შიგნით მიკრობულ სიცოცხლეს აღმოვაჩენთ, მანამდე ან მას შემდეგ კი მზის სისტემის მიღმა არსებული ცივილიზაციისგან სიგნალს მივიღებთ. მაგრამ მაინც შემაცბუნებელია ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით ვერაფერს წავაწყდით.

სანამ საწინააღმდეგოს მტკიცებულებას არ აღმოვაჩენთ, ითვლება, რომ მარტონი ვართ კოსმოსში მონავარდე ამ ქვის ბურთულაზე. ჩვენ წარმოვადგენთ სამყაროში არსებული მგრძნობიარე სიცოცხლის ერთადერთ ცნობილ მაგალითს. ეს კი კაცობრიობასა და დედამიწას საოცრად განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს, ამიტომ პირველ რიგში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ გასაოცარი და სიცოცხლის მასპინძელი პლანეტის დასაცავად, რომელზეც ჩვენ ვბინადრობთ.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ბრიტანელმა მწერალმა სერ არტურ კლარკმა შესანიშნავად აღნიშნა: „არსებობს ორი ვერსია: ან მარტონი ვართ სამყაროში, ან არა. ორივე ვარიანტი ერთნაირად საშიშია”.

 

Charlius.Com

ნანახია: 306 | დაამატა: Admin | ტეგები: რატომ ვერ ვამყარებთ კონტაქტს უცხოპლ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close