მთავარი » 2017 » სექტემბერი » 19 » როგორ იზრდებიან დიდები — განვითარების 8 ეტაპი
რეკლამა
9:24 PM
როგორ იზრდებიან დიდები — განვითარების 8 ეტაპი

ბავშვები იზრდებიან და იცვლებიან ჩვენს თვალწინ, მაგრამ როგორ ვიზრდებით ჩვენ, დიდები? ვერტიკალური განვითარების მოდელი, რომელიც შემუშავებულია ათასობით ინტერვიუსა და ტესტის საფუძველზე, გვეხმარება გავიგოთ როგორ მიმდინარეობს უკვე ზრდასრული ინდივიდის პიროვნული ზრდა და განვითარება.
ყველას სურს იფიქროს საკუთარ თავზე როგორც განუმეორებელ პიროვნებაზე, თუმცა ზრდასრულ ასაკში განვითარების პროცესი (თუ იგი საერთოდ მიმდინარეობს) ექვემდებარება ზოგად კანონებს. ჩვენ ვმოძრაობთ მკვეთრად განსაზღვრული მიმართულებით — რეალობის უკეთ გაცნობიერების, მთლიანობის შეგრძნებისა და თავისუფლებისაკენ. ამ გზაზე კი რამდენიმე სტადიას გავდივართ. სინამდვილეში ადამიანთა უმრავლესობა (55%) იმყოფება განვითარების პირველ ოთხ საწყის სტადიაზე. ნიშნავს კი ეს ყველაფერი, რომ ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლისას უკეთესები ან უარესები ვხდებით? არა, ეს არ არის ისტორია ,,კარგისა” და ,,ცუდის” შესახებ და არც იმაზეა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავიზარდოთ. ვერტიკალური განვითარების ერთ-ერთი ავტორის, ლინგვისტის და ფსიქოლოგის სუზანა კუკგროიტერის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია იყო ბედნიერი იმ კონკრეტულ ეტაპზე, რომელზეც იმყოფები და გაიარო იგი მაქსიმალურად სრულფასოვნად. ერთი კია, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მხედველობაში პერსპექტივის არსებობა — მაინც როგორები შეგვიძლია ვიყოთ.
რას ნიშნავს ვერტიკალური განვითარება?
,,ცხოვრების მანძილზე თითოეული ჩვენგანი აგროვებს გარკვეული სახის ცოდნას და გამოცდილებას, იძენს ახალ უნარებს, მეთოდები კი დროთა განმავლობაში იხვეწება, მაგრამ თავისთავად ამგვარ დაგროვებას არ მივყავართ ხარისხობრივ ცვლილებებამდე, ეს მხოლოდ ჰორიზონტალური განვითარებაა.”– გვეუბნება ფსიქოლოგი ანასტასია გოსტევა. ვერტიკალური განვითარებისას აღქმის სისტემა იცვლება. აქ მთავარია შინაგანი და გარეგანი რეალობის რომელ ასპექტებზე ახდენს ადამიანი თავისი ყურადღების კონცენტრირებას. იმისთვის, რომ მოხდეს ღრმა და ხარისხობრივი ცვლილებები, ანუ გადავიდეთ განვითარების სხვა ეტაპზე, უნდა შეიცვალოს ჩვენეული აღქმა სამყაროსა და მასში ჩვენი ადგილის შესახებ.

აქ სამი გადამწყვეტი პარამეტრია:

  • მოქმედება – (ფიზიკური სხეულის დონე) როგორ ვისახავ მიზნებს? როგორ ვაღწევ მათ? რაზე ხდება ყურადღების ფოკუსირება მიზნების დასახვის პროცესში – საკუთარ თავზე თუ ვამჩნევ ადამიანებს და დიდ სისტემებს?
  • თვითშეგრძნება — (ემოციური დონე) რამდენად ვაცნობიერებ ჩემს ემოციებს და ვმართავ მათ? მშვიდად ვარ თუ სტრესში? რამდენად შემიძლია სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობის გაშიფვრა და ამ ემოციების გავლენის შეფასება ურთიერთობების საერთო კონტექსტზე?
  • კოგნიტური მოდელები — (აზროვნების დონე) როგორ ვანიჭებ ფაქტებს და მოვლენებს მნიშვნელობას და როგორ ვხედავ საკუთარ თავს მასში? მივიჩნევ საკუთარ ,,მეს” სრულქმნილად, თუ ვთვლი, რომ იგი ჯერ კიდევ მუშავდება, ამიტომ ძალიან ცვალებადია და ყველა მომენტი წარმოადგენს ბევრი ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგს?

ვერტიკალური განვითარების უამრავი ტესტი იქნა წარმოებული 30 წლის მანძილზე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიუხედავად ჩვენი ინდივიდუალიზმისა, პასუხები საკმაოდ სტანდარტული აღმოჩნდა და თითოეული მათგანი აუცილებლად ერგებოდა ვერტიკალური განვითარების ერთ-ერთ სტადიას. ეს სტადიები მკვეთრად გამოყოფილი სულაც არ არის, უფრო ტალღისებურად გადადიან ერთმანეთში. პიროვნება შეიძლება კონკრეტული ემოციური ფონის საფუძველზე რამდენიმე სტადიით მაღლაც კი ავიდეს, ან რომელიმე სტრესის გამო ადრინდელ სტადიაში დაბრუნდეს. ყოველი ჩვენგანი გადახრილია იმ სტადიისაკენ, სადაც მისი ცხოვრების ამ მომეტში იმყოფება ,,სიმძიმის ცენტრი”.

პიროვნული ზრდის 8 სტადია
1) ოპორტიუნისტი (5%)
საკუთარ მოკლევადიან საჭიროებეზე და თავდაცვაზეა ფოკუსირებული. იყენებს კონცეფციას — ,,მე მინდა” და ,,ჩემი”, ემორჩილება საკუთარ იმპულსებს, ცხოვრობს ჯუნგლების კანონით — ვინც ძლიერია, მართალიც ისაა და იმარჯვებს ძლიერი. უკუკავშირს აღიქვამს როგორც თავდასხმას, არ ფიქრობს შედეგებზე, არ აქვს დანაშაულის შეგრძნება. შეუცვლელია ომში და ექსტრემალურ სიტუაციებში, ამ სტადიაზე ,,მე” პირველად აცნობიერებს საკუთარ თავს როგორც ცალკე მდგომს. იმპულსურობა და აგრესიულობა დაკავშირებულია ძირითადად იმასთან, რომ ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ზომიერების საზღვრების დაწესებას.
მაგალითები: ბანდის წევრები, მაფია, მეომრები…
2) დიპლომატი ( 12%)
კონფორმისტი. სოციალურად მიღებულ ქცევის ნორმებს აკმაყოფილებს და ახდენს მათ პოპულარიზაციას. ის მიხვდა, რომ მარტო გადარჩენა უფრო რთულია, ვიდრე კოლექტიურად. ეძებს ოჯახის, მეგობრების, კოლეგების, ჯგუფების, კორპორაციების მხარდაჭერას, ასე ცდილობს ცხოვრებისათვის აზრის მინიჭებას. ეძებს ავტორიტეტულ ფიგურებს — პატივსაცემ სულიერ ლიდერს, კარგ ხელმძღვანელს. უკუკავშირს აღიქვამს უკმაყოფილებად და მითითებად წესებსა და რეგლამენტზე. სწორედ დიპლომატები არიან წებო სხვადასხვა ჯგუფებში, ისინი მიისწრაფვიან შეინარჩუნონ ერთობა ყველგან.
მაგალითები: რელიგიების მიმდევრები, ბიუროკრატიის წარმომადგენლები…
3) ექსპერტი (38 %)
პირველი ორისაგან განსხვავებით მას აქვს უნარი საკუთარ თავს შეხედოს გვერდიდან, პატივს სცემს ჯგუფის ინტერესებს, მაგრამ სურს ახსნას რაშია მისი უნიკალურობა. ისწრაფვის უკეთესი ცხოვრებისაკენ. ოპერირებს ცოდნაზე, ექსპერტიზაზე და დაუღალავ შრომაზე. პერფექციონისტია. ცუდი გუნდური მოთამაშეა. ახდენს საკუთარი მოსაზრებების არგუმენტით გამყარებას და უარყოფს სხვების მოსაზრებებს. მას ყველა კითხვაზე აქვს პასუხი, თვლის საკუთარ თავს ზნეობრივ ადამიანად, ხოლო დანარჩენებს არასწორად. უკუკავშირს იღებს პიროვნულად და თუ იგი ექსპერტის მიერვე არაა გამოთქმული იგდებს თავიდან.
მაგალითები: მენეჯერები, მიკრომენეჯერები, რომლებიც იმდენად ფოკუსირდებიან დეტალებზე, რომ ცდებიან მთავარ მიზანს…
4) მიზანმიღწეული (30%)
ფოკუსირებულია შედეგის დადებაზე, ეფექტურობაზე, პირადი მიზნების აღსრულებაზე. ძირითადი ინტერესი — წარმატება და დამოუკიდებლობა. ქცევის მოდელი –,,იმოქმედე საკუთარი ინტერესებისათვის და გაიმარჯვე.” რაციონალურია და დაინტერესებულია მეცნიერებით — მას სურს იცოდეს სამყაროს მოწყობის პრინციპები, რომ უკეთესად აკონტროლოს რეალობა. უკუკავშირს მიესალმება, თუ ამით შეძლებს გეგმების რეალიზებას. შეუძლია განსჭვრიტოს ბევრი პერსპექტივა, აქვს სტრატეგიები, აყენებს ამოცანებს და მზადაა გარისკოს. იწყებს საკუთარ ფსიქოლოგიაში გარკვევას. ამ ეტაპზე შესაძლოა ადამიანი პირველად წავიდეს ფსიქოლოგთან ან დაიწყოს მედიტირება, მაგრამ ეს ყველაფერი ტაქტიკის ეფექტურობისათვის სჭირდება.
მაგალითები: დიდი კომპანიების ტოპმენეჯერები, მეწარმეები, სწავლულები, მეცნიერები…
5) ინდივიდუალისტი (10 %)
ამ სტადიაზე პირველად ხდება ყურადღების გადატანა საკუთარ შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესებზე. ადამიანი სვამს კითხვებს, რომლების შესაძლოა ადრე საერთოდ არც აწუხებდა: ვინ ვარ მე? ბედნიერი ვარ? არის კი ჩემი ცხოვრება მართლაც ჩემი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით? ინდივიდუალისტი აღმოაჩნეს, რომ დროის ყოველ მონაკვეთში ის არის დიდი კონტექსტის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი. ეფლობა შინაგანი სამყაროს შესწავლის პროცესში, ეძებს მასში უნიკალურ უნარებს და პასუხებს მისთვის აქტუალურ კითხვებზე. იწყებს ,,აქ და ახლა”  ცხოვრებით ტკბობას, იღებს საკუთარ თავს ისეთს, როგორიცაა და შესაბამისად, იღებს სხვებსაც მათი შეცვლის მცდელობის გარეშე. მისთვის პროცესი მიზანზე წინ დგას. პირადი მიღწევები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე დამკვიდრებული სოციალური როლები. უკუკავშირს თვლის მისი პიროვნული განვითარების აუცილებელ ფაქტორად. ეძებს კონსესუსს, მიისწრაფვის დიალოგისაკენ — ყველა თვალსაზრისს აქვს არსებობის უფლება! ეს დამოკიდებულება კი ხშირად იწვევს უფრო ქვემო სტადიებზე მყოფი ადამიანების გაღიზიანებას.
მაგალითები: კონსულტანტები, პოსტმოდერნისტები, ,,მწვანეები” შემოქმედებითი ნატურები…
6) სტრატეგი (4%)
ძალიან კარგად აღიქვამს თავის რეაქციებს (ემოციურს და ფიზიკურს) და იმასაც, თუ როგორ გავლენას ახდენენ ისინი მასზე და მის გარემოცვაზე, მიისწრაფვის იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით და აიღოს პასუხისმგებლობა, აცნობიერებს რა მთელ თავის პოტენციალს დიდი სისტემების და საკუთარი ზეცნობიერის წყალობით. მაღალი ღირებულებების ინტეგრირებას ახდენს ყოველდღიურობაში. გეგმავს 1-დან 25 წლამდე პერიოდს , არის შორსმჭვრეტელი. უკუკავშირს განვითარებისათვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს და მუდმივად ახდენს რეალობის ხელახლა გადახედვა/გადაფასებას. ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს პიროვნულ განვითარებას და ეხმარება განვითარებაში სხვებსაც. მან შეიძლება დაიწყოს დიდი სისტემური ცვლილებები სამყაროში. მნიშვნელობას ანიჭებს არარაციონალური ინფორმაციის წყაროებს — ინტუიციას, სიზმრებს.
მაგალითები – სტივ ჯობსი, ინდუსტრიული ეკო პარკების შემქმნელები…
7) ალქიმიკოსი (1%)
აქვს განჭვრეტისა და ჰარმონიული აზროვნების უნარი. შეუძლია გააცნობიეროს, რომ არ გააჩნია დამოუკიდებელი ბუნება და ის მხოლოდ კულტურული და სოციალური ცხოვრების წესის პროდუქტია. მისი აზრით ყველაფრს ადამიანი ანიჭებს მნიშვნელობას, ეს მნიშვნელობები ცალკე, თავისთავად არც არსებობს, ყოველდღიურობას არ გამოჰყოფს საკუთარი თავისაგან და ამიტომ იღებს ე.წ. გარესამყაროზე პასუხისმგებლობას. გაძლიერებულად უთანაგრძნობს სხვებს და ზოგადად დიდ სისტემებს, ფლობს მახვილ ინტუიციას. ხელს უწყობს გლობალურ სოციალურ ტრანსფორმაციებს. ალქიმიკოსი გრძნობს მჭიდრო კავშირს როგორც მთელ პლანეტასთან, ასევე მასზე არსებულ ყველა ცოცხალ ორგანიზმთან.
მაგალითები : განდი, ნელსონ მანდელა…
8) გამაერთიანებელი ( 0,1%)
ბოლო ეტაპი. ლინგვისტური მეთოდებითაც კი რთულია მისი გამოვლენა. ბევრი მკვლევარის მოსაზრებით ეს სულაც არ არის ბოლო სტადია. გამაერთიანებელი გრძნობს, რომ ის წარმოადგენს ყველაფერს და ის წარმოადგენს არაფერს, ამის მიუხედავად ის მაინც არის ვიღაც ამ კონკრეტული სხეულით, ამ ემოციებით, ამ აზრებით, რომლებიც წარმოიქმნებიან და ქრებიან მისი აღქმის დინებაში. შეუძლია დაინახოს ფარული კავშირები იქ, სადაც მას სხვები ვერც ამჩნევენ. ისინი ერთდროულად არსებობენ რეალობის რამდენიმე დონეზე — პირად თუ პლანეტარულ სისტემაში. ფსიქოლოგიურად მზად არიან გაუძლონ სამყაროს პარადოქსულობას და ეგოისტური მიზეზებით საკუთარ ,,მე”-ზე მის მორგებას არ ცდილობენ
მაგალითები: შრი აურობინდო, დალაი ლამა…

 

Mental.Ge

ნანახია: 341 | დაამატა: Admin | ტეგები: როგორ იზრდებიან დიდები — განვითარებ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close