მთავარი » 2017 » სექტემბერი » 17 » საიდან ვიცით, რომ ევოლუცია რეალურად ხდება?
რეკლამა
7:56 PM
საიდან ვიცით, რომ ევოლუცია რეალურად ხდება?

tree
ევოლუცია ერთ-ერთი უდიდესი თეორიაა მეცნიერებაში. მისი მიზანი სიცოცხლის ახსნაა, უფრო კონკრეტულად კი – როგორ დაუდო პირველმა მარტივმა ცოცხალმა ორგანიზმმა დასაბამი იმ უზარმაზარ მრავალფეროვნებას, რომელსაც დღეს ვხედავთ, ბაქტერიებიდან მუხებამდე და ლურჯ ვეშაპებამდე.

 

მეცნიერებისთვის ევოლუცია ფაქტია. სიცოცხლემ რომ ევოლუცია განიცადა, ეს ისევე დაზუსტებით ვიცით, როგორც ის, რომ დედამიწას სფეროს მსგავსი ფორმა აქვს, რომ მასზე გრავიტაციის მეშვეობით ვჩერდებით და რომ პიკნიკზე კრაზანები გამაღიზიანებელი რამ არის.

ამ ინფორმაციას მედიიდან ვერ მიიღებთ რიგ ქვეყნებში, სადაც ევოლუციის აქტიური კრიტიკა მიმდინარეობს – მას უბრალოდ „თეორიად” მოიხსენიებენ ან აშკარა ტყუილად რაცხავენ და უარყოფენ.

რატომ არიან ბიოლოგები ასე დარწმუნებული ევოლუციაში? რა მტკიცებულებები არსებობს? მოკლედ რომ ვთქვათ, მტკიცებულება იმდენია, ძნელია იმის თქმა, საიდან უნდა დავიწყოთ. თუმცა წარმოგიდგენთ მტკიცებულებების მოკლე შეჯამებას, რომ სიცოცხლემ ნამდვილად განიცადა ევოლუცია.

 

ჩარლზ დარვინი, ჯორჯ რიჩმონდის ნახატი, 1830-იანი წლები

 

შეიძლება უკეთესი იყოს, პირველ რიგში დარვინის ევოლუციის თეორია განვიხილოთ. უმეტესობას მასზე ზოგადი წარმოდგენა გააჩნია: სახეობები დროთა განმავლობაში იცვლებიან, გადარჩებიან გარემოსთან ყველაზე მეტად მორგებულები და როგორღაც მაიმუნის მსგავსმა არსებამ ადამიანს დაუდო დასაბამი.

დარვინის ევოლუციის თეორია ამბობს, რომ თითოეული ახალი ორგანიზმი მცირეოდენად განსხვავდება მშობლებისგან და ეს განსხვავებები შთამომავლობას ხან ეხმარება, ხან ხელს უშლის. როცა ორგანიზმები ერთმანეთს ეჯიბრებიან საკვებსა და შეწყვილებაში, ხელსაყრელი შტრიხების მქონეები უფრო მეტ შთამომავლობას ტოვებენ, ხოლო უსარგებლო შტრიხიანები შეიძლება შთამომავლობის გარეშე დარჩნენ. ამიტომ მოცემულ პოპულაციაში ხელსაყრელი შტრიხები ვრცელდება და უსარგებლოები უჩინარდება.

საკმარის პერიოდში ეს ცვლილებები ერთმანეთს ემატება და შედეგად ვიღებთ ახალ სახეობებსა და ორგანიზმის ახალ ტიპებს, რაც თანდათანობით ხდება. ნაბიჯ-ნაბიჯ ჭიები იქცნენ თევზებად, თევზებმა ხმელეთზე გადმოინაცვლეს და ოთხი ფეხი განუვითარდათ, ამ ოთხფეხა ცხოველებს თმოვანი საფარველი ამოუვიდათ და საბოლოოდ ზოგიერთმა მათგანმა ორ ფეხზე დაიწყო სიარული, საკუთარ თავებს „ადამიანები” უწოდეს და ევოლუცია აღმოაჩინეს.

ეს შეიძლება ძნელი დასაჯერებელი იყოს. ერთია იმის გაცნობიერება, რომ მშობლებისგან განსხვავდებით: შესაძლოა, სხვა ფერის თმა გაქვთ, ან უფრო მაღალი ხართ, ან უფრო მხიარული ხასიათი გაქვთ. მაგრამ ბევრად ძნელია იმის აღიარება, რომ უთვალავი თაობების საშუალებით ჭიისგან ხართ წარმოშობილი.

მრავალი ადამიანი ამას არ ეთანხმება. მაგრამ ემოციები დროებით გვერდზე გადადეთ. ამის ნაცვლად მოიქეცით დარვინივით: დაიწყეთ თქვენი ზღურბლიდან.

დარვინის წიგნი „სახეობათა წარმოშობის შესახებ”, რომელიც პირველად 1859 წელს გამოქვეყნდა, დასაწყისში მკითხველს მოუწოდებს, გარშემო რამე ნაცნობი მოძებნონ. არა გამოუკვლევი ტროპიკული კუნძულები ან შორეული ჯუნგლები, არამედ ფერმის ეზო და ბაღი. აქ ადვილად დაინახავთ, რომ ორგანიზმები თავიანთ მახასიათებლებს შთამომავლობას გადასცემენ, რაც ამ ორგანიზმების ბუნებას თანდათან ცვლის.

დარვინი ხას უსვამდა კულტივაციისა და ცხოველების ჯიშის გაუმჯობესების პროცესს. თაობების მანძილზე ფერმერები და მებაღეები გამიზნულად აჯვარებდნენ ცხოველებს, რათა უფრო დიდები ან ძლიერები გამხდარიყვნენ, და მცენარეებს, რათა მეტად ნაყოფიერები ყოფილიყვნენ.

სელექციონერები სწორედ ისე მოქმედებენ, როგორც, დარვინის წარმოდგენით, ევოლუცია იმუშავებდა. წარმოიდგინეთ, რომ გსურთ, გაამრავლოთ ქათმები, რომლებიც მეტ კვერცხს დებენ. ჯერ ის დედლები უნდა იპოვოთ, რომლებიც სხვებზე მეტ კვერცხს დებენ. კვერცხებიდან წიწილების გამოჩეკვის შემდეგ უნდა უზრუნველყოთ, რომ ისინი გამრავლდნენ. ამ წიწილებმაც მომავალში უფრო მეტი კვერცხი უნდა დადონ.

თუკი ამ პროცესს თითოეულ თაობაში გაიმეორებთ, საბოლოოდ მიიღებთ დედლებს, რომლებიც გარეულ ქათმებზე მეტ კვერცხს დებენ. მდედრი ჯუნგლის ქათამი – შინაური ქათმის უახლოესი ველური ნათესავი – საშუალოდ წელიწადში 30 კვერცხს დებს, მაგრამ ფერმის ქათამმა შეიძლება 10-ჯერ მეტი დადოს.

 

გარეული ჯუნგლის ქათამი (Gallus gallus murghi) ინდოეთში

 

თაობიდან თაობაში ასეთ ცვლილებებს ეწოდება „წარმოშობა მოდიფიკაციით”.

წიწილა ბევრი რამით დაემსგავსება მშობლებს: ის აშკარად ქათამი იქნება და არა ჭიანჭველაჭამია, გარდა ამისა, სავარაუდოდ მშობლებს უფრო მეტად დაემსგავსება, ვიდრე სხვა ქათმებს. თუმცა იდენტური არ იქნება. სწორედ ესაა ევოლუცია – შეცდომების სერია, რომლებიც ერთმანეთს ემატება.

შეიძლება იფიქროთ, რომ გამრავლებისას მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებები წარმოიშობა, მაგრამ ამას დასასრული არ უჩანს. „ჩვენი ყველაზე ძველი გამოყვანილი მცენარეები, როგორიცაა ხორბალი, ხშირად ახალ სახესხვაობებს იძლევა. ჩვენს უძველეს მოშინაურებულ ცხოველებს ისევ შეუძლიათ სწრაფი გაუმჯობესება ან გარდაქმნა”, წერდა დარვინი.

დარვინის განცხადებით, ჯიშის გამოყვანა არსებითად იყო ევოლუცია ადამიანის ზედამხედველობით. ის გვიჩვენებს, რომ თაობიდან თაობაში პატარა ცვლილებები შეიძლება ერთმანეთს დაემატოს. ეს გარდაუვალია და აუცილებლად ხდება.

თუმცა მაინც დიდი სხვაობაა მეტი კვერცხის მდებელი ქათმების ფრთხილ გადარჩევასა და ახალი სახეობების ბუნებრივ ევოლუციას შორის. ევოლუციური თეორიის მიხედვით, ეს ქათმები დინოზავრებისგან არიან წარმოშობილი და უფრო შორს თუ გადავალთ, თევზებისგანაც.

პასუხი მარტივია – დიდი ცვლილებებისთვის ევოლუციას დიდი დრო სჭირდება. მტკიცებულებების სანახავად ძველ არქივს უნდა მიაშუროთ, ანუ ნამარხები დაათვალიეროთ. ნამარხები დიდი ხნის წინ დახოცილი ორგანიზმების ნაშთებია, რომლებიც ქანებში შემოინახა. რადგანაც ქანები ფენებადაა განლაგებული, ერთი მეორის ზემოთ, ნამარხების არქივი, როგორც წესი, სიძველის მიხედვითაა დაწყობილი: უფრო ძველი ნამარხები უფრო ქვემოთაა.

 

განამარხებული კუ, რომელიც ათობით მილიონი წლისაა

 

ნამარხების გაცნობა ნათელს ხდის, რომ ცოცხალი ორგანიზმები დროთა განმავლობაში იცვლებიან.

უძველესი ნამარხები ეკუთვნის ერთუჯრედიან ორგანიზმებს, როგორიცაა ბაქტერიები, ხოლო უფრო რთული რამეები, როგორიცაა მცენარეები და ცხოველები, უფრო გვიან ჩნდებიან. ცხოველების ნამარხებში თევზები ამფიბიებზე, ფრინველებზე ან ძუძუმწოვრებზე ბევრად ადრე ჩნდებიან. ჩვენი უახლოესი ნათესავები, ადამიანის მსგავსი მაიმუნები, მხოლოდ ყველაზე ზედაპირულ და უახლეს ქანებში გვხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ „სახეობათა წარმოშობაში” ყოველი 6 გვერდიდან ერთი ნამარხებს ეხება. დარვინმა იცოდა, რომ ეს ევოლუციის მოხდენის უდავო მტკიცებულება იყო. ნამარხების ფრთხილად შესწავლით მეცნიერებმა შეძლეს, ბევრი გადაშენებული სახეობა დღემდე შემორჩენილებთან დაეკავშირებინათ, ხანდახან კი ერთი სახეობა მეორისგან იყო წარმოშობილი. მაგალითად, 2014 წელს მკვლევარებმა აღწერეს 55 მილიონი წლის წინანდელი ხორცისმჭამელის დორმალოციონის ნამარხები, რომელიც შეიძლება, დღეს არსებული ყველა ლომის, ვეფხვისა და დათვის წინაპარი იყოს. ამის დადგენა დორმალოციონის კბილებით მოხდა.

 

დორმალოციონის რეკონსტრუქცია

 

შეიძლება ამანაც ვერ დაგარწმუნოთ. შესაძლოა, იმ ცხოველებს მსგავსი კბილები ჰქონდეთ, მაგრამ ლომები, ვეფხვები და დორმალოციონები სხვადასხვა სახეობები არიან. საიდან ვიცით, რომ ერთი სახეობიდან მეორე განვითარდა?

ნამარხების არქივი მეტად ვეღარ დაგვეხმარება, რადგან არასრულია. ნამარხებზე დაკვირვებისას რეალურად ვხედავთ იმას, რომ გვაქვს სიცოცხლის ერთი ფორმა, რომლის არსებობაც საკმაოდ დიდხანს გრძელდება და შემდეგ მოდის ნამარხების სხვა ჯგუფი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება იმისგან, რაც მანამდე იყო.

თუმცა რაც უფრო მეტ ნაშთებს ვაწყდებით, თანდათან მით მეტი „გარდამავალი სახეობის” აღმოჩნდება ხდება. ეს „ნაკლული რგოლები” ნაცნობ სახეობებს აკავშირებს ერთმანეთთან. მაგალითად, ზემოთ ნათქვამი იყო, რომ ქათმები დინოზავრების შთამომავლები არიან. 2000 წელს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორის, სიუ სინის ხელმძღვანელობით მკვლევართა ჯგუფმა აღწერა პატარა დინოზავრი სახელად მიკრორაპტორი, რომელსაც თანამედროვე ფრინველების მსგავსი ფრთები ჰქონდა და შესაძლოა, ფრენის უნარიც.

 

მიკრორაპტორი დინოზავრი იყო, მაგრამ ძალიან ჰგავდა ფრინველებს

 

ასევე შესაძლებელია ახალი სახეობების ევოლუციაზე დაკვირვება პროცესის მსვლელობისას. 2009 წელს ნიუ-ჯერსიში მდებარე პრინსტონის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა პიტერ და როზმარი გრანტებმა აღწერეს, როგორ წარმოიშვა მთიულას ახალი სახეობა გალაპაგოსის ერთ-ერთ კუნძულზე: სწორედ იმ კუნძულებზე, რომლებსაც დარვინი ესტუმრა.

1981 წელს მარტოსული მამრი საშუალო მიწის მთიულა ეწვია დაფნი-მაიორის კუნძულს. ის უჩვეულოდ დიდი იყო და განსხვავებულად უმღერდა ადგილობრივ ჩიტებს. მან გამრავლება მოახერხა და მისმა შთამომავლობამ მემკვიდრეობით მიიღო ეს უჩვეულო შტრიხები. რამდენიმე თაობის შემდეგ ისინი რეპროდუქციულ იზოლაციაში მოექცნენ: ისინი სხვა ფრინველებისგან განსხვავებულად გამოიყურებოდნენ და სხვანაირად ჭიკჭიკებდნენ, ამიტომ მხოლოდ ერთმანეთთან შეეძლოთ შეწყვილება. ფრინველების ამ პატარა ჯგუფმა ახალი სახეობა წარმოქმნა. ეს ახალი სახეობა მხოლოდ მცირეოდენად განსხვავდება წინამორბედებისგან: მათი ნისკარტი სხვანაირია და უჩვეულოდ ჭიკჭიკებენ. თუმცა უფრო თვალსაჩინო ცვლილებებზე დაკვირვებაც არის შესაძლებელი.

 

საშუალო მიწის მთიულა (Geospiza fortis) გალაპაგოსიდან

 

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერი რიჩარდ ლენსკი მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ევოლუციური ექსპერიმენტის ხელმძღვანელია. 1988 წლიდან ლენსკი თავის ლაბორატორიაში აკვირდება ნაწლავის ჩხირის ბაქტერიის 12 პოპულაციას. ბაქტერიები შესანახ კონტეინერებში არიან მოთავსებული საკვებ ნივთიერებებთან ერთად და ლენსკის გუნდი რეგულარულად ყინავს პატარა ნიმუშებს. ნაწლავის ჩხირები აღარ არიან ისეთები, როგორებიც 1988 წელს იყვნენ. „12-ივე პოპულაციაში ბაქტერიები განვითარდნენ, რათა თავიანთ წინაპრებზე უფრო სწრაფად გაზრდილიყვნენ”, ამბობს ლენსკი. ისინი ადაპტირდნენ ქიმიკატების იმ განსაკუთრებულ ნარევზე, რომელსაც ლენსკი აძლევს.

„ეს არის დარვინის იდეის პირდაპირი დემონსტრაცია ბუნებრივი გადარჩევით ადაპტაციის შესახებ. ახლა, როცა ექსპერიმენტი 20 წელზე მეტია მიმდინარეობს, თაობები 80%-ით უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე მათი წინაპრები.” 2008 წელს ლენსკის ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაქტერიებმა დიდი ნახტომი გააკეთეს. ნარევი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, შეიცავს ქიმიკატს, სახელად ციტრატს, რომლის გადამუშავებაც ნაწლავის ჩხირს არ შეუძლია. მაგრამ ექსპერიმენტში მიღებული 31500 თაობის მანძილზე 12 პოპულაციიდან ერთ-ერთმა ციტრატით კვება დაიწყო. ეს იგივეა, ადამიანმა მოულოდნელად ხის ქერქით კვების უნარი რომ შეიძინოს.

 

ნაწლავის ჩხირის ბაქტერია ევოლუციას განიცდის

 

ლენსკის თქმით, ციტრატი ყოველთვის იქ იყო, „ამიტომ ყველა პოპულაციას ჰქონდა შესაძლებლობა, მისი გამოყენების უნარი შესძენოდა… თუმცა 12-დან მხოლოდ ერთმა პოპულაციამ შეძლო ეს.” ლენსკის ჩვევა, რეგულარულად გაყინოს ბაქტერიების ნიმუშები, გადამწყვეტი აღმოჩნდა. მან შეძლო, ძველ ნიმუშებს მიბრუნებოდა და დაკვირვებოდა ცვლილებებს, რომლებმაც ნაწლავის ჩხირებს ციტრატით კვებისკენ უბიძგა. საამისოდ ლენსკის ძირეული კვლევის ჩატარება მოუხდა. ამისთვის მან ის ინსტრუმენტი გამოიყენა, რომელიც დარვინის დროს ხელმისაწვდომი არ იყო, მაგრამ რევოლუციურად გარდაქმნა ჩვენი წარმოდგენა ევოლუციაზე: გენეტიკა.

ყველა ცოცხალ არსებას აქვს გენები, რომლებსაც დნმ-ის სახით ატარებს. გენები აკონტროლებენ, როგორ იზრდება და ვითარდება ორგანიზმი, და მშობლიდან შთამომავლობას გადაეცემიან. როცა ქათამი ბევრ კვერცხს დებს და ამ შტრიხს შთამომავლობას გადასცემს, ამას თავისი გენების მეშვეობით აკეთებს.

გასული საუკუნის განმავლობაში მეცნიერებმა სხვადასხვა სახეობების გენები აღრიცხეს. აღმოჩნდა, რომ ყველა ცოცხალი არსება დნმ-ში ინფორმაციას ერთნაირად ინახავს: ისინი ერთსა და იმავე „გენეტიკურ კოდს” იყენებენ. გარდა ამისა, ორგანიზმებს შეიძლება ბევრი საერთო გენი ჰქონდეთ. ადამიანის დნმ-ში ნაპოვნი ათასობით გენი ასევე მოიპოვება სხვა ორგანიზმების დნმ-ში, მათ შორის მცენარეებში და ბაქტერიებშიც კი.

 

ჩვენი გენები დნმ-ის დიდ მოლეკულებშია

 

ეს ორი ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ მთელი თანამედროვე ცოცხალი სამყარო წარმოშობილია „უკანასკნელი უნივერსალური საერთო წინაპრისგან”, რომელიც მილიარდობით წლის წინ არსებობდა.

იმის შედარებით, რამდენი საერთო გენი აქვთ ორგანიზმებს, შეგვიძლია დავადგინოთ, რამდენად ენათესავებიან ერთმანეთს. მაგალითად, ადამიანებს უფრო მეტი საერთო გენი აქვთ ისეთ მაიმუნებთან, როგორიცაა შიმპანზე და გორილა, ვიდრე სხვა ცხოველებთან – დაახლოებით 96%. ეს მიგვანიშნებს, რომ ისინი ჩვენი უახლოესი ნათესავები არიან. შიმპანზეებთან საერთო წინაპარი გვყავდა, რომლის შემდეგაც ჩვენ და ისინი სხვადასხვა გზით წავედით.

გენეტიკის გამოყენებით ევოლუციური ცვლილებების დეტალური კვლევაც შეგვიძლია. შესაძლებელია, ერთმანეთს შეედაროს ბაქტერიის სხვადასხვა ტიპები და საერთო გენები განისაზღვროს. ამის შემდეგ კი შეგვიძლია, გამოვიკვლიოთ, როგორ განვითარდნენ ეს გენები სხვადასხვა პოპულაციებში.

როცა ლენსკი თავისი ნაწლავის ჩხირის ბაქტერიების ნიმუშებს მიუბრუნდა, აღმოაჩინა, რომ ციტრატით მკვებავი ბაქტერიების დნმ-ში მომხდარიყო ცვლილებები, რაც სხვა ბაქტერიებში არ შეინიშნებოდა. ამ ცვლილებებს მუტაციები ეწოდება. ზოგი მუტაცია ბევრად ადრე მოხდა, ვიდრე ბაქტერიებს ახალი თვისება განუვითარდებოდათ. ამ მუტაციებმა შექმნეს პირობები მომდევნო მუტაციებისთვის, რომლებმაც ბაქტერიებს ციტრატის გადამუშავების უნარი მიანიჭეს.

მოვლენების ეს კომპლექსური ჯაჭვი გვეხმარება იმის ახსნაში, რატომ განვითარდა ეს უნარი მხოლოდ ერთ პოპულაციაში. ის ასევე ახდენს ევოლუციის მნიშვნელოვანი საკითხის ილუსტრირებას. კონკრეტული ევოლუციური საფეხური შეიძლება უკიდურესად არადამაჯერებელი ჩანდეს, მაგრამ თუკი ამ საფეხურს საკმარისი რაოდენობის ორგანიზმები უახლოვდებიან, ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ მიაღწევს მას – და ესეც საკმარისია.

 

სიცოცხლის ხე. ჩვენ ქორდიანებში (Chordata) შევდივართ

 

ლენსკის ნაწლავის ჩხირების მაგალითი გვიჩვენებს, რომ ევოლუციას შეუძლია, ორგანიზმებს რადიკალურად ახალი თვისებები მიანიჭოს. მაგრამ ევოლუცია ყოველთვის არ აუმჯობესებს სიტუაციას. მისი ეფექტები ხშირად, მინიმუმ ჩვენი გადმოსახედიდან, საკმაოდ შემთხვევითია. მუტაციები, რომლებიც ორგანიზმში ცვლილებებს წარმოშობენ, ძალიან იშვიათად არის სასიკეთო. რეალურად მუტაციების უმეტესობას ნულოვანი ან უარყოფითი გავლენა აქვს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.

როცა ბაქტერიები იზოლირებულ გარემოში ხვდებიან, ზოგჯერ ადგილი აქვს არასასურველ გენეტიკურ მუტაციებს, რომლებიც პირდაპირი გზით გადაეცემა ყოველ თაობას. დროთა განმავლობაში ეს თანდათანობით აბრკოლებს სახეობას. ასე რომ მხოლოდ ადაპტაცია და სიტუაციის გაუმჯობესება არ ხდება, არსებობს დიდი შანსი, რომ ყველაფერი გაუარესდეს. გარდა ამისა, ზოგჯერ ორგანიზმები გარკვეულ უნარებს კარგავენ. მაგალითად, ცხოველებს, რომლებიც ბნელ გამოქვაბულებში ცხოვრობენ, ხშირად თვალები უქრებათ.

ეს შეიძლება უცნაური ჩანდეს. ევოლუცია წარმოგვიდგენია, როგორც ბიოლოგიური გაუმჯობესების პროცესი, სახეობების განვითარება და პრიმიტიულობისგან დაშორება. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება.

გაუმჯობესების ცნებას მივყავართ მეცნიერ ჟან ბატისტ ლამარკთან, რომელიც სახეობების განვითარების იდეას დარვინამდე აყენებდა. თუმცა დარვინისგან განსხვავებით, ლამარკი თვლიდა, რომ ორგანიზმები გარემოსთან უკეთ შეგუებას ახერხებდნენ ამ გარემოსადმი წინასწარგანზრახული რეაქციით, თითქოს მათ არსებითად სურდათ გაუმჯობესება.

ლამარკის თეორიის მიხედვით, ჟირაფებს გრძელი კისერი იმიტომ ქონდათ, რომ მათი წინაპრები იჭიმებოდნენ, რათა მაღალ ხეებს მიწვდომოდნენ და ამ გზით ახლად შეძენილ გრძელ კისრებს შთამომავლობას გადასცემდნენ. დარვინს ალტერნატიული თეორია გააჩნდა: ბუნებრივი გადარჩევა. ჟირაფების გრძელ კისრებს ის სრულიად განსხვავებულად ხსნის.

 

ლამარკი vs დარვინი

 

წარმოიდგინეთ თანამედროვე ჟირაფების წინაპარი, რომელიც ირემს ან ანტილოპას ჰგავს. თუკი ამ ცხოველის საბინადროში ბევრი მაღალი ხე იყო, ყველაზე გრძელი კისრის მქონე ცხოველებს მეტი საკვები შეხვდებოდათ და უკეთესი პირობები ექნებოდათ, ვიდრე მოკლე კისრის მქონეებს. რამდენიმე თაობის შემდეგ ყველა ცხოველს წინაპრებთან შედარებით ცოტა უფრო გრძელი კისერი ექნებოდა. ამჯერადაც ყველაზე გრძელკისრიანები აღმოჩნდებოდნენ ხელსაყრელ სიტუაციაში და წლების მანძილზე ჟირაფების კისრები თანდათანობით დაგრძელდებოდა, რადგან მოკლეკისრიანები მეტწილად შთამომავლობას ვერ დატოვებდნენ.

მუტაციები, რომლებიც ამ ყველაფერს ედო საფუძვლად, შემთხვევითობის პრინციპით ხდებოდა და მოკლე კისრის ქონის ალბათობაც ისეთივე იყო, როგორიც – გრძელი კისრისა. მაგრამ მოკლე კისრის წარმომქმნელი მუტაციები ფეხს ვერ იკიდებდა.

ჟირაფის მსგავსი ცხოველები განსაცვიფრებლები არიან, რადგან სრულყოფილად ადაპტირებული ჩანან. ისინი ცხოვრობენ ისეთ გარემოში, სადაც მაღალი ხეებია და ფოთლები მიწიდან მოშორებითაა, ამიტომ ცხადია, მისაწვდომად გრძელი კისრები აქვთ. ერთი შეხედვით წინასწარგანზრახულად შექმნილს გვანან, მაგრამ რეალურად პატარა ცვლილებების გრძელი ჯაჭვის შედეგს წარმოადგენენ.

ჩვენ უკვე საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს საიმისოდ, რომ გაერთიანებისას ვნახოთ, როგორ განვითარდა სიცოცხლე.

მოდიფიკაციით წარმოშობა, რომლის მიზეზიც გენებში მომხდარი შემთხვევითი მუტაციებია, თანმიმდევრულ ცვლილებებსა და ახალი სახეობების წარმოქმნას იწვევს. მას მეტწილად წარმართავს ბუნებრივი გადარჩევა, რომელიც გარემოსთან ნაკლებად მორგებულ ორგანიზმებს ანადგურებს.

დასასრულს, მოდი ეს ყველაფერი საკუთარ თავებს მივუსადაგოთ.

ადამიანის ევოლუცია ყოველთვის ისეთი იდეა იყო, რომლის გადახარშვაც ბევრს უჭირდა, თუმცა ამჟამად თავის დაბრმავება შეუძლებელია.

მიჩნეულია, რომ ჰომო საპიენსი აფრიკაში წარმოიშვა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოს მოედო. ნამარხები გვიჩვენებს თანმიმდევრულ ცვლილებას მაიმუნის მსგავსი ოთხზე მოსიარულე ცხოველებიდან ორფეხა არსებებამდე, რომლებსაც თანდათანობით უფრო დიდი ტვინი განუვითარდათ.

პირველი ადამიანები, რომლებმაც აფრიკა დატოვეს, წყვილდებოდნენ ჰომინინების სხვა სახეობებთან, როგორიც იყო ნეანდერტალელები. შედეგად, ევროპული და აზიური წარმოშობის ადამიანებს დნმ-ში ნეანდერტალელების გენები აქვთ, აფრიკული წარმოშობის ადამიანებს კი – არა. ეს ყველაფერი ათასობით წლის წინ მოხდა, მაგრამ ეს დასასრული არ გახლავთ. ჩვენ ისევ ვვითარდებით.

 

ნეანდერტალელისა და თანამედროვე ადამიანის თავის ქალები

 

მაგალითად, 1950-იანებში ბრიტანელი ექიმი ენტონი ალისონი იკვლევდა გენეტიკურ დარღვევას, სახელად ნამგლისებრუჯრედოვან ანემიას, რომელიც გავრცელებულია ზოგიერთ აფრიკულ პოპულაციაში. ამ დარღვევის მქონე ადამიანებს გადაგვარებული ერითროციტები (სისხლის წითელი უჯრედები) აქვთ, რომლებსაც სხეულში საჭიროებისამებრ არ გადააქვთ ჟანგბადი.

ალისონმა აღმოაჩინა, რომ აღმოსავლეთ აფრიკის პოპულაციები იყოფოდნენ დაბლობზე მობინადრე ჯგუფებად, რომლებიც დაავადებისადმი იყვნენ მიდრეკილი, და მთიან მხარეში მცხოვრებ ხალხად, რომლებსაც მიდრეკილება არ ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ნამგლისებრუჯრედოვანი ნიშან-თვისების მატარებელ ხალხს მოულოდნელი უპირატესობა გააჩნდა. ის მათ იცავდა მალარიისგან, რომელიც რეალურ საფრთხეს მხოლოდ დაბლობში წარმოადგენდა. იმ ხალხს უღირდა ნამგლისებრუჯრედოვანი მუტაციის ტარება, თუნდაც მათი შვილები ანემიის მატარებლები ყოფილიყვნენ.

ამის საპირისპიროდ, მთიან მხარეში მცხოვრები ხალხი მალარიის რისკის წინაშე არ იდგა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნამგლისებრუჯრედოვანი ნიშან-თვისების ტარებას უპირატესობა არ გააჩნდა, ამიტომ მისი მავნე ბუნების გამო გაქრა.

 

ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია სისხლის უჯრედებს აზიანებს

 

ცხადია, არსებობს მრავალი კითხვა ევოლუციაზე, რომლებზეც პასუხი ჯერ არ გაგვიცია. მარტივი მაგალითი: რა იყო ის გენეტიკური ცვლილება, რომელმაც ადამიანებს გამართულად სიარულის საშუალება მისცა და რატომ აღმოჩნდა ეს მუტაცია ასეთი წარმატებული? ჯერჯერობით ეს არ ვიცით, მაგრამ ახალი ნამარხების აღმოჩენასა და გენეტიკის განვითარებასთან ერთად ოდესმე ალბათ გავიგებთ.

დაზუსტებით ის ვიცით, რომ ევოლუცია ბუნების ფაქტია. ის დედამიწაზე არსებული სიცოცხლის საფუძველია.

ასე რომ შემდეგში, როცა გაისეირნებთ, იქნება ეს თქვენს ბაღში, ფერმაში თუ გზაზე, დააკვირდით ცხოველებსა და მცენარეებს თქვენ გარშემო და დაფიქრდით, როგორ აღმოჩნდნენ იქ.

თითოეული ორგანიზმი, რომელსაც ხედავთ, იქნება ეს პატარა მწერი თუ დიდი სპილო, უძველესი ოჯახის ბოლო წევრია. მათი წინაპრები ქმნიან 3 მილიარდ წელზე ხანგრძლივ უწყვეტ ხაზს, თავად სიცოცხლის საწყისამდე. ისევე, როგორც თქვენი წინაპრები.

 

Charlius.Com

ნანახია: 324 | დაამატა: Admin | ტეგები: რომ ევოლუცია რეალურად ხდება?, საიდან ვიცით | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close