მთავარი » 2017 » სექტემბერი » 30 » სამყაროს აღსასრულის 10 ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველება
რეკლამა
10:57 PM
სამყაროს აღსასრულის 10 ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველება

სამყაროს აღსასრული ყოველთვის აღელვებდა კაცობრიობას და ზოგიერთი მოხერხებული ადამიანი აქედან პრაქტიკულ მოგებასაც ნახულობდა. დღეს არმაგედონის წინასწარმეტყველების 10 ყველაზე ცნობილ შემთხვევაზე გესაუბრებით, რომელიც, საბედნიეროდ, მცდარი აღმოჩნდა.

 

1. ქრისტეს დაბადებიდან 66-ე წელი

 

 

იუდეველთა ესეების სექტამ ქრისტეს მეორედ მოსვლა მისი ჯვარზე გაკვრიდან, სულ რაღაც, რამდენიმე ათეულ წელიწადში იწინასწარმეტყველა. ჩვენი წელთაღრიცხვის 66-70-იან წლებში რომის იმპერიისა და იუდეის მმართველთა წინააღმდეგ, სიმონ ბარ-გიორის ხელმძღვანელობით, იუდეველთა ორგანიზებული აჯანყება მოხდა. ესეებს ეს კონფლიქტი იმ ბოლო ბრძოლად წარმოედგინათ, რომელიც იოანეს გამოცხადებაში იყო ნაწინასწარმეტყველები. რომაელთა მიერ სიმონის ხელში ჩაგდებით და რომში სიკვდილით დასჯით ესეებს, რბილად რომ ვთქვათ, დიდი კონფუზი ელოდა. 


2. 1000 წლის 1-ლი იანვარი

 


ათასი წლის წინათ პაპის თანამდებობა პონტიფიკოსებს ბევრ თავისუფალ დროს აძლევდა, ამიტომაც პაპები ხშირად წინასწარმეტყველებდნენ აპოკალიფსს. ეს მორწმუნეებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. გამონაკლისი არც სილვესტრ II აღმოჩნდა. იგი საუკუნის ცვლას ქრისტეს მოსვლას უკავშირებდა. ეს იმ დროისთვის უდიდესი პიარკამპანია იყო: ათასობით ქრისტიანი ჩავიდა იერუსალიმში და მათგან ბევრი ცდილობდა შუაღამის წირვაზე მოხვედრას, რომელსაც პაპი ახალი წლის წინ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ატარებდა.
როცა 1-ელ იანვარს ქრისტე არ გამოჩნდა და სამყაროც არ განადგურდა, პაპს თავისი წინასწარმეტყველების შეცვლა მოუწია. გამოაცხადეს, რომ 1000-წლიანი ვადა არა ქრისტეს დაბადებიდან, არამედ ჯვარზე გაკვრიდან უნდა აეთვალათ! ასე გადაწიეს სამყაროს აღსასრული 1033 წლამდე. საკმაოდ ახლო ვადა იყო, მაგრამ მხცოვან ასაკს მიღწეული პაპი ამაზე აღარ დარდობდა: სამყაროს ახალი აღსასრულის დადგომისთვის ის უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო.


3. 1284 წელი

 


თუკი პაპ სილვესტრ II-ის წინასწარმეტყველებისთვის საკმაოდ მტკიცე ნუმეროლოგიური საფუძველი ჰქონდა, ინოკენტი III-ს (რომელსაც "ანტიპაპად" იცნობენ) დიდი ოფლის ღვრა მოუწია, რათა არმაგედონი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაეკავშირებინა. ვინაიდან ქრისტიანებისა და მუსლიმანების ურთიერთობები ყოველთვის დაძაბული იყო, ეს უკანასკნელები ეშმაკის მსახურებად მონათლეს. აქედან გამომდინარე, პაპმა დაასკვნა, რომ სამყაროს განადგურება ისლამის შექმნიდან 666 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, ანუ 1284 წელს. ეს პაპიც თავის ნაწინასწარმეტყველებ მეორედ მოსვლამდე 50 წლით ადრე გარდაიცვალა და საკუთარი ღრმა შეცდომის შესახებ ვეღარ შეიტყო.


4. 1524 წლის 1-ლი თებერვალი

 


1523 წელს ლონდონელმა ასტროლოგებმა აპოკალიფსი მომავალი წლის 1-ლი თებერვლისთვის იწინასწარმეტყველეს. ეს ძლიერი წარღვნის შედეგად უნდა მომხდარიყო. პლანეტები თევზების თანავარსკვლავედში შევიდნენ, რომელიც წყლის სტიქიასთან მკაცრად ასოცირდებოდა, ამიტომაც სამყაროს მსგავსმა აღსასრულმა ზედმეტი კითხვები არ წარმოშვა. კონტინენტები წყალქვეშ აღმოჩნდებოდა და მთელი ცივილიზაცია განადგურდებოდა. ამ წინასწარმეტყველებამ ისე ააღელვა ლონდონელები, რომ დანიშნულ დღეს ყოველი შემთხვევისათვის მაღალი და მშრალი ადგილის ძიება დაიწყეს.
იმ დღეს არც წყალდიდობა ყოფილა და არც წვიმა. დაუჯერე ამის მერე ასტროლოგებს!


5. 1666 წელი

 


როგორც ისტორიიდან ვიცით, სამი ექვსიანის შემცველმა წელმა ლონდონს ბევრი უბედურება მოუტანა. ქალაქის ქუჩებში შავი ჭირისგან ათასობით ადამიანი იღუპებოდა. იმავე წლის სექტემბერში უდიდესმა ხანძარმა ქალაქი ერთ დიდ აუტოდაფედ გადააქცია. ამიტომაც გასაკვირი არ იყო, როცა რელიგიურმა ფანატიკოსებმა, კერძოდ კი „მეხუთე მონარქიის ხალხის“ ხილიასტების სექტამ სამყაროს აღსასრული იწინასწარმეტყველა. საბედნიეროდ, მათი წინასწარმეტყველება არ გამართლდა და საშინელი ტრაგედიების შემდეგ ლონდონი ნელ-ნელა ფეხზე წამოდგა.


6. 1780 წლის 19 მაისი

 


1780 წელს ამერიკული კოლონიები დამოუკიდებლობისთვის ომს ჯერ კიდევ აწარმოებდნენ. ამის გამო ადამიანებს დაძაბულ საომარ მზადყოფნაში უხდებოდათ ცხოვრება. როცა შუა დღეს ცა უცბად გაშავდა, პანიკა დაიწყო: ბევრს ეს მომავალი აპოკალიფსის ნიშანი ეგონა. არადა სიბნელის მიზეზი მძიმე ღრუბლები და ტყის ვრცელი ხანძარი აღმოჩნდა და ანგელოზები არაფერ შუაში იყვნენ.


7. 1806 წელი

 


თქვენ რომ მე-19 საუკუნის ქალაქ ლიდსში გეცხოვრათ, თქვენი კაპიტალი დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა და ამაში დამნაშავე მერი ბეიტმანი იქნებოდა. მას ჯადოქრად მიიჩნევდნენ, არადა სინამდვილეში გაქნილი თაღლითი და ქურდი იყო.
1806 წელს მისმა დედალმა კვერცხი დადო, რომელზეც ეწერა „ქრისტე მოვა“. ხალხი ინგლისის ყველა კუთხიდან ჩადიოდა ლიდსში, რათა ეს სასწაული ენახა და, შესაბამისად, თაღლითობის მსხვერპლი ხდებოდა. საქმე ის იყო, რომ მისის ბეიტმანის მეჯინიბე, უბრალოდ, ქათმის ახალ კვერცხებს იღებდა, მათზე მჟავით საჭირო ტექსტს წერდა და... უკან საქათმეში დებდა. შედეგად არა მხოლოდ მალემრწმენი ადამიანების ქისები, არამდე საწყალი ფრინველებიც ზარალდებოდნენ.


8. 1936, 1943, 1972 და 1975 წლები

 


ჰერბერტ არმსტრონგი, სარეკლამო ბიზნესის სპეციალისტი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ევანგელიეს ეთერიდან ქადაგებდა. 1933 წელს მან „ღმერთის მსოფლიო ეკლესია“ დააარსა, ხოლო 3 წლის შემდეგ ქვეყნიერების აღსასრული იწინასწარმეტყველა. როდესაც მის მიერ ნაწინასწარმეტყველებ პირველ თარიღს საშინელი არაფერი მოხდა, მან მშვიდი სინდისით გადაწია ქვეყნის აღსასრული 1943 წლამდე. როცა არც ამ თარიღმა „გაამართლა“, მან კაცობრიობის აღსასრული 1972 წლამდე გადაავადა. შესაძლოა, მას რომის პაპებივით ეგონა, რომ ამ დროისთვის ცოცხალი აღარ იქნებოდა, მაგრამ ის შესაშურად ჯანმრთელი აღმოჩნდა: 1972 წელს ჰერბერტი ისევ ცოცხალი იყო. მან აპოკალიფსის ბოლო თარიღად 1975 წელი გამოაცხადა და, თქვენ წარმოიდგინეთ, კიდევ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც მას დაუჯერა!


9. 2007 წლის 29 აპრილი

 


1976 წელს თავის შოუში პეტ რობერტსონმა ქვეყნიერების აღსასრული სადღაც 1982 წლისთვის იწინასწარმეტყველა. რაღა თქმა უნდა, მას შეეშალა, თუმცა ამან ვერ შეაჩერა. 1990 წელს გამოცემულ წიგნში „ახალი ათასწლეული“, რობერტსონმა კაცობრიობის ბოლო დღედ 2007 წლის 29 აპრილი დაასახელა და... ისევ შეეშალა. რობერტსონი ჩვენს სიაში ერთადერთია, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი და, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მისი კიდევ ერთი წინასწარმეტყველების მომსწრენი გავხდეთ.

 



10. 2011 წლის 21 მაისი

 


ყველაზე ცინცხალი წინასწარმეტყველება ჰაროლდ კემპინგს ეკუთვნის, რომელიც მან 2011 წელს გააკეთა. მისი მტკიცებით, ამაღლება ამ წელს დაიწყებოდა, ხოლო განკითხვის დღე 21 ოქტომბერს დადგებოდა. 21 მაისის დადგომის შემდეგ მან განაცხადა, რომ ყველაფერი ერთად 21 ოქტომბერს მოხდებოდა. კემპინგს აპოკალიფსური წინასწარმეტყველებებისკენ ლტოლვა ადრეც ჰქონდა. მან არაერთხელ იწინასწარმეტყველა სამყაროს აღსასრული 1993 და 1994 წლებში. სულ, მის ანგარიშზე ექვსი წინასწარმეტყველებაა. სწორედ ამიტომ მივაკუთვნეთ მას საპატიო ადგილი ჩვენი სიის ბოლოში.

წყარო: popmech.ru

ნანახია: 402 | დაამატა: Admin | ტეგები: სამყაროს აღსასრულის 10 ყველაზე ცნობ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close