მთავარი » 2018 » ივნისი » 21 » სტადიონზე დაწყებულმა ტრაგედიამ 318 ადამიანი შეიწირა!
რეკლამა
10:19 PM
სტადიონზე დაწყებულმა ტრაგედიამ 318 ადამიანი შეიწირა!

ასობით ადამიანის დაღუპვისა და დასახიჩრების მიზეზი მსაჯის მიერ ჩაუთვლელი გოლი გახდა...

 

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედია 1964 წლის 24 მაისს პერუს დედაქალაქში მოხდა.

ლიმაში ეროვნულ სტადიონზე ტოკიოს ოლიმპიადის შესარჩევი მატჩი გაიმართა. 
ოლიმპიადის საგზურისთვის ერთმანეთს პერუსა და არგენტინის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. 

მატჩის ანგარიში არგენტინელმა ფეხბურთელებმა გახსნეს და ბოლო წუთებამდე შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება. 
თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. პერუს ნაკრები ოლიმპიადის საგზურს ფრეს შემთხვევაშიც იღებდა, თუმცა მატჩის არბიტრმა ანგელ პაზოსმა ბურთი არ ჩათვალა და პერუელების ოლიმპიური ოცნებები დაასამარა. 

მსაჯის გადაწყვეტილებას ტრიბუნებზე ხმაური და არეულობა მოჰყვა. 
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა პოლიციელების კორდონი გაარღვია, მოედანზე შეიჭრა და მსაჯთან ურთიერთობის გარკვევა დააპირა, თუმცა ის პოლიციელებმა შეაჩერეს და ათასობით გულშემატკივრის თვალწინ ცემა დაუწყეს. 

სამართალდამცველთა ქცევით გაღიზიანებული გულშემატკივრები პოლიციელებთან ხელჩართულ ჩხუბში ჩაებნენ. საპასუხოდ, პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია. 
ასეთ ვითარებაში მატჩის გაგრძელებაზე ფიქრი ზედმეტი იყო, ამიტომ ორივე გუნდის ფეხბურთელები სასწრაფოდ გაიყვანეს სტადიონიდან. 

მოედნიდან ფეხბურთელების გაყვანის შემდეგ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამძაფრდა. გულშემატკივართა ნაწილმა სტადიონის დატოვება სცადა. ამის გამო ტრიბუნების გასასვლელებთან საშინელი ჭყლეტა დაიწყო, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა... 

პერუს ნაკრების ათასობით გულშემატკივარი სტადიონიდან გასვლის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის ფერნანდო ბელაუნდეს სახლისკენ გაემართა. ისინი პრეზიდენტისგან ითხოვდნენ, რომ მსაჯის გადაწყვეტილება გაეუქმებინა და პერუს ნაკრებისთვის ოლიმპიადაზე თამაშის საშუალება მიეცა. 

მალე ქალაქის ქუჩები ქაოსმა და არეულობამ მოიცვა. საავადმყოფოები ვერ აუდიოდა „საფეხბურთო ომით“ დაზარალებული ადამიანების მიღებას. 

პერუს ხელისუფლება იძულებული გახდა, ქვეყანაში საომარი ვითარება გამოეცხადებინა, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდა.

ამ ტრაგედიამ 318 ადამიანი შეიწირა. 500-ზე მეტმა მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. საბოლოოდ, ტოკიოს ოლიმპიადაზე არგენტინის ნაკრები გაემგზავრა, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

ნანახია: 200 | დაამატა: Admin | ტეგები: სტადიონზე დაწყებულმა ტრაგედიამ 318 | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close